ოქტომბერი 13, 2009

M168

Posted in Uncategorized at 19:51 ავტორი Givillo

რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო რამ გავიგე „ვიასატ“–ის რომელიღაც არხზე და რადგან ვარსებობ ერთი, რომელსაც ეს მანამდე არ გამეგონა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთები სხვებიც იქნებიან.

მოკლედ, დამხმარე ინფორმაციას გამოვხშირავ და შევუდგები საქმის იმ ძირითადი არსის ჩემთვის გასაგებ ენაზე თხრობას, რომელმაც გადამაწყვეტინა თქვენთან ამ ამბის გაზიარება. თურმე, იგრეკ ქრომოსომის ერთ–ერთი კონკრეტული მონაკვეთი განიცდის, რაღაც უვნებელ მუტაციას, რომელიც აუცილებლად გადაეცემა მამიდან ვაჟზე, ანუ რომელიღაც კონკრეტული მუტაცია, წარმოადგენს საფუძველს ახალი შტოსას, რომელშიც ყველა მამრი ამ მუტაციური „დაღის“ მატარებელია და მუტაციის მემკვიდრეობითობა შტოში ვაჟის არყოლისას წყდება.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს, მეცნიერები ისე ძლიერ გაეშმაკდნენ, რომ ზოგჯერ, როდესაც სევდა შემოაწვებათ, ამ მუტაციის ასაკსაც იკვლევენ და აი თურმე რა ხდება. 40000 წლის წინ აფრიკაში ცხოვრობდა ვინმე, იყოს თუნდაც აბელი და როგორც ირკვევა, მსოფლიოში მცხოვრები მამაკაცების 80%–მდე ამ აბელის შთამომავალია. ეს კაცი, თავისთავად უუუუზარმაზარი შტოს სათავეა, მაგრამ…

… მაგრამ აბელის სრულად ჩრდილავს 60000–70000 წლის წინ მცხოვრები ყველა კაცის დიდი პაპა (თუნდაც ბაბუა), რომელიც ჩვენი, ყოველ შემთხვევაში, მამაკაცებისა (პიგმეების, ჰაჯაბების და კიდევ ორიოდე, ფიზიკურად განსხვავებული ტომის გარდა) ნამდვილად – საერთო წინაპარია. ჩვენ ყველანი, ერთი კაცის შთამომავლები ვართ!

და იცით რა მაგარი კაცის?!

კაცის, რომელიც ისეთი განსაკუთრებული თვისებებისა გახლდათ, რომ დედამიწაზე თავისი შთამომავალი გააბატონა და მთელი მსოფლიო, მიწიან–წყლიანად თავის მემკვიდრეობად აქცია.

იმავე ფილმში ვარაუდობდნენ, რომ მისი თანამედროვეობა, კაცობრიობის ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო და მას შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მოეგონებინა, რაიმე ისრისმაგვარი სიახლე და ერთ–ერთი პირველი პროგრესული ნაბიჯი გადაედგა ადამიანის არსებობის ისტორიაში. მაგრამ ჩვენც შეგვიძლია ჩვენი დაშვების გაკეთება და მგონია, რომ კაცს, რომელიც მთელი კაცობრიობის მამა გახდა, ალბათ გაღიმება, ხუმრობა ან მოფერება შეეძლო განსაკუთრებულად და შეიძლება პირველმა გამოხატა ეს გრძნობა მართლაც ადამიანურად, შეიძლება პირველმა თქვა სიტყვა – მიყვარხარ.

http://en.wikipedia.org/wiki/Y-chromosomal_Adam

1 კომენტარი »

  1. მმმ… რა რაღაცნაირი ემოციური პოსტი იყო დამბურძგლასავით რომ ვკითხულობდი ^^


დატოვე კომენტარი