დეკემბერი 4, 2011

დისკურსი და პატიოსნება

Posted in Uncategorized at 23:49 ავტორი Givillo

ათწლეულზე მეტი ხანია რაც გია ამერიკაში წავიდა, ბევრი ახლობელ-მეგობარი დატოვა და შესაბამისად ნოსტალგიაც საკმაოდ შემოეპარა.
მოგეხსენებათ ასეთ ხალხს “ძველი ამბები” კარგად ახსოვს და დღეს ბაბლუანის 16 წლის წინანდელი ინტერვიუ გაიხსენა, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, არცერთ ჩემ ვირტუალურ თუ “ლაივ” მეგობარს არასოდეს არ გახსენებია, თორემ ამის დავიწყება რომ შეუძლებელია თქვენც დარწმუნდებით რამოდენიმე წუთში.

ჟურნალისტ(კას) შეკითხვას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ამიტომ პირდაპირ ბატონი თემურის პასუხზე გადავალ.

– გაგიკვირდებათ და სვანეთში ოჯახებს შორის კონფლიქტს ბევრი უცნაური მიზეზი ჰქონია. მაგალითად, ერთი გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს მეზობელი გვარი მიადგა და სთხოვეს, რომ თავიანთი ადრე გარდაცვლილი ნათესავისთვის, ერთ-ერთი ოჯახის წევრის სიზმრის საფუძველზე, ფეხსაცმელი “წაეღო”.
თანხმობის შემდეგ, ფეხსაცმელები მიცვალებულს კუბოში ჩაულაგეს და “გაატანეს”.
დაკრძალვიდან ორიოდ დღის შემდეგ, ახლადდაკრძალულის ოჯახს მოაკითხეს და უთხრეს, რომ თურმე ფეხსაცმელი არევიათ, ცოცხალი კაცისა გაუტანებიათ და რადგან ეს ცუდის ნიშანი იყო, სთხოვეს მიცვალებული ამოეთხარათ და ფეხსაცმლები შეეცვალათ.
ამის ნიადაგზე რომ დიდი უთანხმოება შეიქმნებოდა ალბათ თქვენც დარწმუნებული ბრძანდებით. მაგრამ მიზეზს ნამდვილად ვერ გამოიცნობთ!
სვანეთი
თურმე დამხვედრმა ოჯახმა უპასუხა – ეგ ისეთი პატიოსანი ქალი იყო, უკვე მიტანილი ექნება და თქვენი მკვდარი ამოთხარეთ, ფეხსაცმელი იქ იდებაო.

აპრილი 14, 2011

სოტორიკა

Posted in Uncategorized at 02:38 ავტორი Givillo

ამ ცხელი დღეების ერთ საღამოს, მეგობარმა მთხოვა სიცხესთან ჭიდილში დავხმარებოდი და ყუთი ლუდით დატვირთულმა სახლთან გამომიარა. მანქანაში ერთი ჩემნაირი “დამხმარე” უკვე ჩაესვა. სწორედ მან მოყვა ისტორია, რომელსაც გულგრილად ვერ ავუარე გვერდი.
რადგან შესავალი გაკეთებულია, ამბავს ისე მოგიყვებით, როგორც მე მოვისმინე – ანუ პირველ პირში 🙂
* * *
სამსახურში ძალიან ადრე უნდა მივსულიყავი და სადღაც ექვსის ნახევრისთვის გამოვრიხინდი ეზოდან, ადრე რო 91–იანი ოპელი მყავდა, ხო გახსოვს–მიუბრუნდა ჩემს მეგობარს – პეკინზე მივგორავ მარტოკინკილად. ვდრუგ, ვიღაც გაიჩითა “პროწივზე”, მომეჩვენა რო “ნი ტოდ” წამოვიდა ჩემკენ. პირველ ხაზში გადავიწიე, იმანაც გამოიწია. ვაჰ, მაგრა შემეშინდა, თითქმის ტროტუართან მივედი, ჯიგარი გადმოსულია ჩემ ზოლზე და ნელ–ნელა მოდის, ცოტაც და დამეჯახება, მაგრამ თან ისე ნელა მოდის, რომ მანქანის გაჩერებაც მოვასწარი.
მომიახლოვდა და საკმაოდ ნელა დამარტყა კრილოზე.
გადმოვიდა ახალგაზრდა, შეხედვისთანავე მივხვდი რომ სრულიად ფხიზელია, კარგი გამოძინებულიც და არც მამაძაღლის ვიდი აქვს.
– ბოდიში მეგობარო, ამ მანქანას დღესვე უკეთეს ვიდზე ჩაგაბარებ, სოტორიკას დედას რო შევეცი, ახლა ძალიან მეჩქარება…
საბუთები მომაწოდა, მობილურის ნომერი გამიცვალა და საღამოს ოთხი საათისთვის შეხვედრაზეც მომელაპარაკა.

დათქმულ დროს შევხვდით. მანქანა ნაცნობ ხელოსანთან მიიყვანა. ყველაფერთან ერთად, მიუხედავად ჩემი პროტესტისა ისეთი ადგილის გასწორებაც დაავალა, რომელიც მისი გასაკეთებელი ნამდვილად არ იყო.
ხელოსანმა, ამას მალე მოვრჩები, ბარემ დავაშპაკლინებ და მალიარკა ხვალეო. თუ გინდათ დღეს შპაკლიანი წაიყვანეთ, თუ გინდათ დამიტოვეთო.
ჩემმა ახალმა ნაცნობმა, აქვე ვცხოვრობ, შენ მაინც უმანქანოდ ხარ, ცოლს დავურეკავ სუფრას გაშლილს დაგვახვედრებს, ჩემთან სახლში ვივახშმოთ და ეგებ შენი მანქანითაც წახვიდეო. ძალიან ბევრი “ვიჭიდავეთ” მაგრამ საბოლოოდ ჩემი ცნობისმოყვარეობის დახმარებით “დავმარცხდი”.
სახლში მეუღლე და ორი ბავშვი დაგვხვდა, ყველანი ძალიან სასიამოვნო ტიპები იყვნენ. ამან შესვლისთანავე მამამისს დაურეკა, რომელიც თურმე იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა და ვახშამზე მოიპატიჟა, მამაც მალევე მოვიდა, გამეცნო და სტანდარტული კითხვა–პასუხის შემდეგ შვილს მიუტრიალდა:

– რა ქენი, იყავი?
– კი და ყველაფერი ხუთიანზე მოგვარდა. არა და დილით ექვსის ნახევარზე გავედი, ეგებ სოტორიკას თვალს გავასწროთქო. აი ორი ნაბიჯი მქონდა დარჩენილი მანქანამდე და ეგ ჩემისგადანგრეული არ გამოძვრა პადიეზდიდან?! მეცა ტო და გადამკოცნა.
– მერე?
– მერე არაფერი, მაგ საქმის გაფუჭებას და რამე სასწაულ შარს და უბედურებას…. აგერ ეს კაცი შემხვდა პირველი, გავაქანე და ლაითად დავარტყი, ახლაც პროფილაქტიკაში გვყავს მანქანა.
* * *
იმ დღეს მანქანა პროფილაქტიკაში დავტოვე. დამაგვიანდა, თან ნასვამიც ვიყავი და თან ყველა, ვინც მათი ეზოდან გამოსვლისას შემხვდა, სოტორიკა მეგონა.

ოქტომბერი 17, 2010

ედემის ლეღვი

Posted in Uncategorized at 16:43 ავტორი Givillo

რაკი, თუ არა პირველ პირში, სხვა ხერხით თხრობა ძლიერ არ მიყვარს, ამ ამბავსაც ჩვეული ფორმით მოგიყვებით. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, მე არ დამაბრალოთ, თუნდაც მარტო იმიტომ რომ არც სოფელი მაქვს, არც ლეღვის ხე და არც თავის დროზე ედემის ბაღში დახლართული ინტრიგებისა გამეგება რამე.
მაგრამ, როდესაც 15 წლის ხარ, ისედაც ყოველი დილა ედემის ბაღში გითენდება, უბრალოდ იმ დროს ვერ ხვდები და მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრებ, როდესაც ბაღიდან კარგა ხნის გამოგდებული ხარ.

მომიტევეთ ეს მცირედი გადახვევა, მაგრამ სწორედ ამ ასაკში გახლდით, როდესაც ეს ამბავი მოხდა…
***
ჩვენი ლეღვი, სოფელში ყველაზე ადრე მწიფდებოდა. ძალიან გემრიელ ნაყოფს უხვად ისხამდა და ჩვენც სიამოვნებით ვუმასპინძლდებოთით ყველას, ვისაც მისით ყელის ჩატკბარუნების სურვილს შევამჩნევდით თვალებში.
იმ წელს, მეზობელს სტუმრად ნათესავი გოგო, თინიკო ჩამოუვიდა. მაშინ 23 წლისა ჩემზე ბევრად უფროსი იყო და თითქმის “დამა ქალად” მეჩვენებოდა – მომხიბლავ, კეკლუც და ზესექსუალურ დამა ქალად. თუნდაც ერთი წუთით მისი დანახვის შემდეგ სასწრაფოდ გავრბოდი ძველ თავლაში, რომელსაც მხოლოდ სიგარეტის მოწევისა და ზემოთაღწერილიდან გამომდინარე ადვილადმისახვედრი ქმედებისას, უცხო თვალისგან დამალვის ფუნქციაღა შერჩენოდა. მოკლედ რომ ვთქვა, დღე და ღამე მარტო ლეღვზე ამძვრალი თინიკოს ფითქინა ფეხები მელანდებოდა ქვემოდანდანნანახი. არა და ყოველი დილა სწორედ ამ ხედით მეწყებოდა, ახალგაღვიძებულს ხეზე აუცილებლად მხვდებოდახოლმე ლეღვის ჭამით გართული, ჩემი თავლის მუზა.

ამდენის ატანა შეუძლებელად რომ ჩავთვალე, ყველაზე ხელმისაწვდომ ვარიანტად შემდეგი შევარჩიე: მეურნეობაში საქონლის ასატეხი წამალი მეგულებოდა, ზუსტად ვიცოდი როგორ შევძლებდი მის მოპარვას და ერთ დღესაც გადავწყვიტე ამ წამლის ეფექტი თინიკოზე გამომეცადა, ცდა ხომ ბედის მონახევრეა.
მიწოდების ყველაზე მარტივ საშუალებად ჩემი გემრიელი ლეღვის ნაყოფი მივიჩნიე. საღამოს ავედი ხეზე და ყველაზე ადვილადმისაწვდომ და მოსახერხებელ ლეღვებს გარედანაც წავუსვი და გულშიც შევჩურთე ასანთის ღერით “მცირე დოზები”.
იმ ღამეს მამლის ყივილამდე არ დამძინებია. ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დილა თენდებოდა.
****
დილით გაღვიძებისთანავე წამოვხტი, ეზოში სუნთქვაშეკრული გამოვვარდი და ლეღვის სწორედ იმ “დანაღმულ” მონაკვეთზე ამძვრალი და ნაყოფით კარგა დანაყრებული დედაჩემი დავინახე…
–მანდ რას შვები დედი?
–ცომი დავაგუნდავე, შვილო, თონეში ცეცხლი დავანთე და სანამ განელდება ველოდები.
ცეცხლის დანთება ჩემს გულში და ტვინში უნდა გენახათ…
სასწრაფოდ დავიწყე მდგომარეობის გაანალიზება:

–მამა ყანაშია, ყანა სამ კილომეტრში, თუ ძაან მოვინდომებ ნახევარ საათში მოვიყვან და თუ ვინმე მოტოციკლით ან მანქანით შემხვდა ხო ავშენდი და ეგაა. უნდა გავიქცე!
არ მახსოვს ზუსტად რამდენ ხანში ავირბინე ყანამდე, მაგრამ ასე სულმოუთქმელს არც მანამდე და არც მას მერე არ მირბენია სამი კილომეტრი.
ბედმა ჩემთვისაც ირონიულად გაიღიმა და გავიგე, რომ მამა მეზობელს გაჰყოლოდა მისაშველებლად. იქამდეც ვირბინე…
–მამი, დედა ხიდან გადმოვარდა და მგონი ტვინის შერყევა აქვს, გული მერევაო და ლოგინში წევს, წამო ჩქარა რამე არ დაემართოს.
სიმპტომები საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი და გზადაგზა რაღაცეებიც მივკიბ–მოვკიბე, ისე რომ მოვლენების შემდგომ განვითარებაზე არც მიფიქრია და არც მაინტერესებდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ამათი “დაჯახება” იყო.
***
როგორცკი ჭიშკარში შევედით სახლის კარიც გაიღო საიდანაც ჩვენი ინკასატორი, ბორისი გამოაცილა დედამ. ჭიშკრიდან სახლამდე ოცი მეტრი თუ იქნება, ვიწრო ბეტონის ბილიკი მიუყვება ამ გზას. სანამ ერთმანეთს გავუსწორდებოდით, ბორისმა თავზე ერთ–ორჯერ ხელი გადაისვა, თითქოს თმის დავარცხნას ცდილობსო და ახლოს მოსულმა, ისე, რომ რიგიანად არც შემოუხედავს თვალებში, მამას უთხრა – ამ თვისაც გადახდილია და წინა რომ გქონდათ ვალი ისიცაო.

თინიკოსთან თელაველ დეიდას გამოუვლია და თავისთან წაუყვანია ზაფხულის ბოლომდე.

თითქმის გაციებული თონის გვერდით, მოსაზელ მაგიდაზე კი ისევ ისე ეწყო მოზელილი გუნდები, როგორც ყანაში გაქცევამდე დავტოვე.

სექტემბერი 27, 2010

ყურის ბიბილოს მტრედები და დამტვრეული კაფელი

Posted in Uncategorized tagged , , , , , , , at 20:17 ავტორი Givillo

– ჰეჰე, ბიჭო გუშინ მამამისთან ვიყავით ცოტა დავლიეთ, რაღაცეებს ვყვებოდით და მაგარი რამე მოხია.
– რაო?
– რაო და ქალებს, ყურის ბიბილოს უკან ძალიან გემრიელი ადგილი რომ აქვთ, აი ეგ ადგილი პატარა მტრედებსაც ძალიან უყვართ. მოფრინავენ პატარა მტრედები და ისე მოწონთ, რომ მაგ ადგილიდან აღარ მიდიან. ეს მტრედები გროვდებიან, გროვდებიან და ქალებს თავს და ყურებს უმძიმებენ. ამის შემდეგ ქალები უფრო გაღიზიანებულები ხდებიან და თვეში ერთხელ მაინც უნდა აუქშიოო.
– როგორ აუქშიოო?
– როგორ და ისე, რო შეატყობ ამძიმებენ, უნდა აუქშიო.
– მაინც?
– პროსტა, გაატრაკებ და ან თეფშს გატეხავ ხმაურით, ან ვაზას – მოკლედ მთავარია მტრედები დაფრთხნენ და ცოტახანს არ დაამძიმონ.
– ეეეეეე, ვცადე ერთხელ. თეფში ახლოს არ იყო და კაფელს ვხიე მუშტი. კაფელი შუაზე გატყდა და ერთი ნახევარი საკმაოდ კაი ხმაურით დაიფშვნა მეტლახზე, ნამდვილად უნდა დამფრთხალიყვნენ მტრედები…
– მერე?
– რა მერე, თითო–თითო ნატეხად შემტენა ტრაკში, მგონი უფრო ჩემი ყურის ბიბილოს ყვავები დაფრთხნენ, ვიდრე მაგის მტრედები.
ყველა იცინის
– რა გაცინებთ, ის ხომ გახსოვთ, წინა დღის ნაქეიფარზე ბუღა და ლომი რო ხვდებიან, პახმელიაზე გამოსასვლელად ერთმანეთს, ლომი მაგარი დაჩხაპნილ დალურჯებული რომაა?
– არა.

– ბუღა ეკითხება, ვახ ჩემი, ვინ გაგიბედაო.
– ვინ და მთვრალი რო მივედი ცოლმა დამხოკაო.
– ეეე, ამხელა ლომი ხარ და მაგას როგორ გიბედავს ცოლი. მე რო სახლშიშევდივარ ხმის ამოღებაც არ მჭირდება, ისედაც ცუციკივითააო.
– შენი ცოლი რას გაგიბედავს, შენი ცოლი ხომ ძროხაა, ჩემი კი ლომიაო ძმაო – ძუ ლომიი!

***
არ ვიცი ეს ამბავი საერთოდ რისთვის დავბლოგე, მაგრამ ფემინისტურ მოძრაობაში შეტანილ წვლილად მაინც ჩამეთვალოს. 🙂

აგვისტო 15, 2010

ისტორია ტაქსის მძღოლით

Posted in Uncategorized tagged , , , at 18:33 ავტორი Givillo

მაგარ სიცხეში ტაქსში ვზივარ. ყველა ფანჯარა ჩაწეულია, მაინც ძლივს ვსუნთქავ. ამ ყველაფერს დაემატა მძღოლი….
მაგარი ქაქანა მძღოლი მერგო, თან ბლანჟე და სათვალეებზე ეგრევე დამწვა რომ ძალიან დედიკოს ბიჭი და არიფი ვარ, შესაბამისად თავის ქაქანში, ძირითადად ბლატნოის მიაწვა, რადგან ამ სფეროში თავის უდაო უპირატესობას ჩემ სახეზე კითხულობდა, ხოლო თქვენობით მიმართვამ საბოლოოდ დაარწმუნა თავისი ვარაუდის სისწორეში.
მოკლედ ყვება, იქ ვიღაც ნაბოზარი როგორ მიაკაჩავა, აქ ძაღლები როგორ დაასირა, იქაც ვიღაც ძველ ბიჭებს როგორ გააზადნებინა… მოკლედ გულაობს ჯიგარი, თან ამ ყველაფერს ხელების ქნევით და მიმიკით მაქსიმალურ დამაჯერებლობას და ხატოვნებას სძენს. ხელებს ისე იქნევდა, ერთი პირობა გადავწყვიტე ვეტყვი, რულს ხელი მოკიდე და ტრაკი დააყენე შეჩემისამეთქი, მაგრამ ისევ მის ასაკს (65 წლამდე იქნებოდა) და ჩემს ნატიფ მანერებს ვეცი პატივი 😀
ერთგან, წითელ შუქნიშანზე, იმ მომენტმა მოუწია, როდესაც ვიღაც “აქეთ მოდავე” ძველი ბიჭები მაგრად მიტისკა და დამაგვირგვინებელი აკორდის მაქსიმალური რეალისტურობისთვის ფანჯარაში გადააფურთხა, ორივე ხელი შესაგინებელ პოზაში აიშვირა ფანჯარაში გადაყოფილმა დაიქნია და “თქვენი სუყველას დედებს შევეცი”–ო მიაყოლა.

ჩვენს გვერდზე მდგომი შავი ბმვ–ს ოთხივე კარი ერთდროულად გაიღო, როგორც ქუჩის ეტიკეტის ზუსტი დაცვა მოითხოვს, ყოველგვარი ყაყან–გინების გარეშე, ამასთან უახლოესმა კარები სწრაფად გამოუღო, ჯერ დასაბნევად სილა გაარტყა, მერე საყელოში ხელი წაავლო და მანქანიდან გადმოაგდო….
მაგ საცოდავის ბედად, იმ ერთ წამში ყველაფერს მივხვდი და ამ ბიჭებს დავუყვირე, რაღაცას ყვებოდა ესჩემისა, თქვენთვის არ შეუგინებია – ბოზიშვილი ვიყომეთქი (ნუ, აქ ჩემგანაც აუცილებელი იყო ეტიკეტის დაცვა), ერთ–ორს გაეცინა, იმას, რომელსაც ქეჩოთი ყავდა დათრეული გული დაწყდა, ქეჩოთივე წამოაყენა და ამხელა კაცი გზადაგზა რო იგინები და ხელებს აქეთ–იქეთ იშვერ ტვინი არ გაქო, კითხა. ამ დროისთვის უკვე ახლოს ვიყავი იმ ბიჭებთან მისული – ასე ბლატაობს პლეხანოვიდან აქამდე, სანამ არ გიჩალიჩა ტვინი მომიტყნამეთქი – აქ ყველანი სიცილით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ამ ჩემს იაპონჩიკას ტანსაცმლის მტვერისგან დაფერთხვაშიც დავეხმარე…
მოკლედ, მაგ ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე, ფხუკუნი ამიტყდებოდახოლმე და ჩემ ფხუკუნზე, კითხვით ფორმაში ჩაიბურტყუნებდა – ვახ გიჟები იყვნენ ეგ ჩემისებიო.
––––
გივილოს მორალი ასეთია: თუ ბლატაობთ, წითელ “სვეტაფორზე” არ უნდა გაჩერდეთ!

მაისი 16, 2010

უჟმური დილის უცნაური ისტორია

Posted in გაბოზდა ერი! at 23:52 ავტორი Givillo

ეს ისტორია, ერთხელ თბილისის ფორუმზეც დავწერე, მაგრამ იმდენად მომწონს, გადავწყვიტე აქაც დავიტოვო სამახსოვროდ.

საკმაოდ უჟმურ ხასიათზე გავიღვიძე. რატომღაც ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო და რადგან წინათგრძნობა იშვიათად მღალატობსხოლმე სახლიდან იმ განწყობით გავედი, რომ ამ დღეს რაიმე პრობლემას უნდა შევბრძოლებოდი.

მეზობელ სადარბაოსთან შავი კატა დამხვდა, რომელმაც რატომღაც ფრუტუნით წრე დამიარა და მშვიდად გააგრძელა გზა.

ცრურწმენებს და უჟმურ ხასიათს აყოლილმა გადავწყვიტე ამ კატისთვის წიხლი ჩამეზილა და ამ მცდელობას ინსტიქტურად კარგი დედის გინებაც მოვაყოლე (რას ვერჩოდი დედალ კატას ზუსტად ვერ ვხვდები) და ამ აგრესიულ გამოხტომაში შევამჩნიე, რომ ვიღაცას მივესალმე. უმალ მოვთოკე ემოციები და ნათლად დავინახე ჩემი მეზობლის, ქალბატონი ლამარას გაოცებული სახე, რომელიც კატას გამოდევნებულ, გინებით პირამყრალებულ გივილოს გაფართოებული თვალებით უყურებდა.

საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უბედური დღე გამითენდა და ამ გრძნობით მივაღწიე მანქანამდე.

უხალისო დილების გასანეიტრალებლად ჩაწერილი, კაფე დელ მარის დისკს სანამ დავქექავდი რადიო ჩავრთე, ჩართვა კი იმ მომენტს დაემთხვა როდესაც რომელიღაც არხზე მიწვეული სტუმარი ანეგდოტის მოყოლას იწყებდა. შევეცდები მაქსიმალურად ზუსტად გადმოქცეთ მოსმენილი, რომელიც ჩემის აზრით სტანდარტულ ანეგდოტზე ოდნავ მეტია და პატარა ისტორიას უფრო წარმოადგენს.

***

მგლების ხროვას, საკმაოდ შიმშილიანი წელი დაუდგა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და ლეკვების დასაპურებლად რაღაც უნდა მოეფიქრებინათ. ხროვას ჭარმაგი, გამოცდილი და თავისი გამჭრიახობით განთქმული მგელი ხელმძღვანელობდა. მისი გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში განსჯას არ ექვემდებარებოდა და იმსახურებდა კიდეც ასეთ განსაკუთრებულ პატივისცემას და ხროვაზე უდაო ჰეგემონობას.

–ძმებო, დღეს პარასკევია – უთხრა დამშეულ ხროვას წინამძღოლმა – სოფლის კაცები დღეს სანადიროდ მიდიან და კვირას დაბრუნდებიან. მართალია, რისკი მაინც საკმაოდ დიდია, მაგრამ სხვა დღეებზე მეტი შანსი გვაქვს სოფლის ძროხებს დავესხათ და კაცების თოფებსაც გადავურჩეთ. სოფლამდე ნახევარი ღამის გზაა და შებინდებისთანავე უნდა გავიდეთ, რომ შუაღამეს მივაღწიოთ ბოსლებამდე. ვისაც გული ერჩის და ხროვის კეთილდღეობისთვის ზრუნავს გვერდში ამომიდგეს – მე გაგიძღვებით.

ყველა ხვადმა ფიქრის გარეშე გადმოდგა ნაბიჯი და ბრძენი წინამძღოლის გადაწყვეტილების გენიალობით კმაყოფილი ამოუდგა გვერდში.

შებინდებისას გავიდნენ. ბევრი იარეს. სერები, გორაკები, ტყლაპოები, ჯაგები ვაჟკაცურად გადალახეს და მამლის ყივილამდე ჩააღწიეს სოფელს.

პირველივე ბოსელთან ძაღლი დახვდათ. ძაღლია და ძაღლსაც გააჩნია. გაქუცული ძუკნა. ალაგ–ალაგ ბეწვამოპუტული, ქეციანი და დაგრძელებულ ძუძუებგამოყრილი წამოწოლილიყო ეზოს შესასვლელთან.

–ვაიმე, ეს აქ არის?! დროზე გავიქცეთ სახლისკენ! – განწირული ხმით იყვირა ხროვის ატამანმა და გაუჩერებლად გაბრუნდა იქით საიდანაც მოვიდა და სადაც საკუთარი ბუნაგი ეგულებოდა.

სიმამაცით განთქმული ბელადის ასეთმა საქციელმა ყველაზე მამაცი ახალგაზრდა მგლებიც დააფეთა და უსიტყვოდ გააყოლა წინამძღოლს შიშით კუდამოძუებული.

ნაშუადღევს თავიანთ სამყოფელს მიაღწიეს. ხელმოცარულ–გათანგულ–გასავათებულნი მიეყარნენ ჩრდილში. ცოტა ამოისუნთქეს და ბოლოს, ერთმა, ყველაზე მამაცმა ახალგაზრდა მგელმა შეჰბედა ბელადს შეკითხვა.

– რატომ გამოვიქეცით, რა შეუძლია იმ ძაღლს? ნუთუ ისეთი ხმამაღალი ყეფა იცის, რომ ტყეში გასული კაცები გაიგებდნენ, მობრუნდებოდნენ და ყველას დაგვხოცავდნენ?

– არა, რას ამბობ, მაგის ყეფა კაცს არ გაუგია.

– აბა რა იცის, ნუთუ შხამიანი კბილები აქვს და ელვისებური კბენით, რომელიმეს სიცოცხლეს გამოგვასალმებდა?

– არა, რის შხამიანი?!  კბილები საერძთოდ არ აქვს, დაბერდა და ყველა დაცვივდა რამდენიმე წელია.

– აბა რა შეუძლია ისეთი, რომ შენც კი, მთელს ტყეში სიმამაცით განთქმული, ასე დაგაფრთხო? რა იცის ასეთი ვერაგული და საშინელი?

– რა იცის?!  – შიშნარევი ხმით შეჰყვირა ბელადმა, ცოტახნით სივრცეს მიაშტერდა და თითქმის ჩურჩულით განაგრძო – უკნიდან იცის მოპარვა და კოცნა. ისეთი ცივი ტუჩები აქვს…  რომ მახსენდება, დღემდე მზარავს.

***

ამას რომ მოვუსმინე ხასიათი გამომიკეთდა და მიუხედავად დილიდან გამოყოლილი უჟმურისა თუ შავი კატის მიერ ჩემს გარშემო დარტყმული წრისა, დღემ მშვიდობიანად და საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. არც მგლები მოსულან ჩემი საქონლის მოსატაცებლად და არც ცივი ტუჩებით უკოცნია ვინმეს.

დეკემბერი 27, 2009

პატარა ნიკუშა – დიდი პერსპექტივით

Posted in გაბოზდა ერი! at 00:42 ავტორი Givillo

ამასწინათ სამი ჯგუფელი შევიკრიბეთ,  ძალიან უბრალოდ, ძალიან სტუდენტურად დავჯექით და ნელ–ნელი წრუპვით შევუყევით მოგონებებს.

ამ დროს მასპინძლის მეუღლემ  უმცროსი ბავშვი აბაზანიდან გამოიყვანა, სავარძელში ჩამჯდარი ამშრალებდა და თან გვესაუბრებოდა  (ღმერთმა იხუმრაო, რომ იტყვიან, სწორედ ამ ბავშვების შეფერილობაზეა ნათქვამი – სამივე ბიჭი დედასავით ქერა და ცისფერთვალებაა, ერთადერთი გოგო კი სრულად დაემსგავსა მამას შავი კან–თმით და ეროვნული  ნიშნით – ცხვირით).

ნამდვილად არ მახსოვს, საიდან მოვიდა იდეა, ვინმეს პირსახოცში გახვეული პატარა ბიჭისთვის  “პასპორტის” ჩვენება მოეთხოვა, მაგრამ ბავშვის უარობის გამო რომ ერთი საკმაოდ სახალისო და მეორე თითქმის ტრაგიკომიკური პატარა ისტორია გავიგე, ეს ფაქტია. წესისამებრ “დიქტაფონის სტილში” მოგიყვებით, მხოლოდ მცირედ განმარტებებს თუ დავსძენ.

–ბიჭო, ეს არ გაჩვენებს, მაგრამ თუ გინდა ნიკუშას დავუძახებ და თუ ნახვა გინდა ეგ ნახე – ამბობს ჩვენი მასპინძელი და ბავშვების მამა – ხუთი წლისა ცუდად გახდა, გადასხმებს ვუკეთებდით და ექიმმა ექთანს უთხრა, ბავშვი რომ არ შეწუხდეს, კუტა ბოთლში ჩააყოფინეთ, თორემ გადასხმის გამო მოშარდვა რომ მოუნდება, ცოდოა ვენაში გარჭობილი ნემსით წამოსაყენებლადო.

პალატის კარებთან ექიმს ვესაუბრებოდი. ამ დროს ექთანმა საკმაოდ შეშფოთებული ხმით დაიყვირა – ექიმო, არ ეტევა ბოთლშიო.

ამ ამბავზე სიცილი მეგობრის მეუღლემ შეგვაწყვეტინა – ეგ რაა, სურამში მე და ჩემი დაქალი ბავშვებს ვასეირნებდით,  ნიკუშა 5 წლის იყო, აიტეხა მეფსიაო. დაქალმა ხესთან მიაყენა და შორტი ჩაუწია… რამდენიმე წამით გაშეშდა და ემოციებით სავსე ხმით მითხრა თავის მეუღლეზე – აუ, ჩემ პაატას მისცა ამხელაო.

სიცილისგან თვალებაცრემლებულმა უკეთესი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და ვუთხარი – თუ ახლოს ცხოვრობს, ეგებ პაატას შეეხმიანოთ, გადმოვიდეს, დალევა ნამდვილად არ აწყენსმეთქი.

ოქტომბერი 25, 2009

"ფახი"

Posted in ფახი at 15:08 ავტორი Givillo

ბავშვების ამოჩემებული სიტყვები, სახელები თუ გამოთქმები  არავისთვის უცხო არ არის. ასეთ სიტყვად ჩემი და ჩემს მეზობლად მდებარე კორპუსის ბავშვებს “ფახი” გვქონდა.

ამ ორ შენობას პატარა მოედანი ჰყოფს ერთმანეთისგან და სწორედ აქ იმართებოდა ჩვენი საფეხბურთო ბატალიები, რომელიც შიგადაშიგ ჩხუბშიც გადადიოდა. ეს ჩხუბები, ისევე როგორც ფეხბურთი, ტრამვების გარეშე მთავრდებოდა,  ან რა უნდა გვექნა ერთმანეთისთვის 6–7 წლის თავკომბალა ბავშვებს.

მაგრამ იყო ერთი დიდი  “იარაღი”,  რომლისაც ყველას გვეშინოდა და რომლით მიყენებული ჭრილობაც დაზარალებულ მხარეს, შემდეგ შეხვედრამდე მიჰყვებოდა.  ტკიოდა,  შურისძიების სურვილი მოსვენებას არ აძლევდა.

bavSvebi

ეს იყო სიტყვა “ფახი”, რომელსაც ფეხბურთსა თუ ჩხუბში გამარჯვებულები, თავისი კორპუსისკენ გაძანძალებულ, სირცხვილნაჭამ მოწინააღმდეგეს დააყრიდნენ და რადგან პატარებში მოგებულ–წაგებულის გარკვევა არც ისე ადვილია, მოედნის  სხვადასხვა მხარეს გამაგრებულები კარგახანს ვადებდით  ერთმანეთს იმ სამარცხვინო დაღს, რასაც “ჩაფახებული” ერქვა. ეს პროცესი ისეთი ხმაურიანი და ემოციური გახლდათ, რომ სეირს მოკლებული სამოცდაათიანების “პირველი თაობის” მშობლებიც საკმაოდ ერთობოდნენ ამ სანახაობით.

მალე ოთხი ათწლეული შეუსრულდება ზემოთაღწერილ ისტორიას, სიტყვა “ფახი”–ს მნიშვნელობაც გავიგე, თურმე “გაქცევას”, “ათესვას” ნიშნავს და სულაც არ ყოფილა “შეშინებული” ან “ჩასვრილი”. 😀

ზოგჯერ ახლაც მივაძახებთხოლმე ერთმანეთს ბავშვობის მეგობრები და ამ სიტყვას  ჩვენთვის იგივე აზრი აქვს რაც ორმოცი წლის წინ.

დღეს კი მთელი ეს ამბავი ამ ვიდეომ გამახსენა.

აი, ნამდვილი ფახი ამას ჰქვია თურმე  და  მეც არ მცოდნია 😀 😀 😀

ოქტომბერი 21, 2009

გაბოზდა ერი

Posted in გაბოზდა ერი! tagged , , , , , , , , at 01:10 ავტორი Givillo

დღეს ბებიას შევუარე.
ნესტოროვნამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი, დასავლეთ საქართველოს ერთ–ერთ პატარა ქალაქში ფუსფუსსა და გარჯაში გაატარა, ახლა კი მისი დღე “სიყვარულის აჩრდილის” მორიგ სერიასთან ერთად იწყება და “განრისხებული ანგელოზის” ტიტრებით მთავრდება.
ბედნიერი დღე ჰქონდა თამარას, მასზე შედარებით უმცროსი, მაგრამ უახლოესი მეგობარი და მეზობელი, ნაზიკო ეწვია სტუმრად. ეწვია რა?! ეწვიას ვიტყვით, თორემ მოუყვანეს. თბილისში ჰყოლიათ – გამოკვლევებზე. უხაროდა მოხუცს – ექიმს უთქვამს კაჟივით ხარო. (არ ვიცი რა იგულისხმა ექიმმა,  მე კი ბავშვობა გამახსენდა, თუ როგორ ვეძებდით კაჟის ქვებს, რომლებიც ძირითადად მიწაში იყო ჩაფლული).
საფერფლის დასაძებნად გასვლამ  მომიწია ოთახში , რომელშიც “გოგოები” საუბრობდნენ.
– გოგო – ეკითხება ბებია – კიდე ბოზობს სულიკოს გოგო თუ დაწყნარდა?
– უჰ, რას ამბობ, მაგი ჯერ არ დაწყნარდება კაიხანს.
ამ ერთ კითხვა პასუხს მოვკარი ყური და ღიმილით დავუბრუნდი ჩემს სამყოფელს.

დაახლოებით ნახევარ საათში ისევ მოვხვდი “გოგოების” სიახლოვეს და მესმის:

– ჰო და ამ ბიჭს ცოლისთვის მიუსწრია თავის მეგობართან, ა, ძმაკაცს რო უძახიან იმფერთან–  ამჯერად ნაზიკო აქტიურობს, თან გადაწეულია ბებიასკენ, თითქოს ყურში უჩურჩულებსო.
– რას ამბობ, მაგას ლენტოს შვილიშვილი არ ყავდა?
– კი მასეა!  სასტაული გახდა მაგ გოგო, ვერ ამაგრებენთქო, ხომ გეუბნები.
თითქოს გავბრაზდი, უფრო სწორედ, საჭიროდ ჩავთვალე მოხუცები დამეშოშმინებინა და ნესტოროვნას აშკარად “ძალით გაბრაზებული” სახით ვუთხარი:
– რა არის თამარა, ამ ბოზებზე საუბრის გარდა სხვა არ გაინტერესებთ არაფერი?
– რა ვიცი, დედა, მე ხალხს ვკითხულობ და ესენი გაბოზებულან ყველა!

კარგახანს გულიანად ვიცინოდი და ძალიან მინდოდა, ამ ყველაფრის  “აჟურში”  მოსაყვანად ნაზიკოს ეთქვა – ” აგენი კი არა, ერი გაბოზდა, ჩემო თამარა, ერიო “

ოქტომბერი 13, 2009

M168

Posted in Uncategorized at 19:51 ავტორი Givillo

რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო რამ გავიგე „ვიასატ“–ის რომელიღაც არხზე და რადგან ვარსებობ ერთი, რომელსაც ეს მანამდე არ გამეგონა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთები სხვებიც იქნებიან.

მოკლედ, დამხმარე ინფორმაციას გამოვხშირავ და შევუდგები საქმის იმ ძირითადი არსის ჩემთვის გასაგებ ენაზე თხრობას, რომელმაც გადამაწყვეტინა თქვენთან ამ ამბის გაზიარება. თურმე, იგრეკ ქრომოსომის ერთ–ერთი კონკრეტული მონაკვეთი განიცდის, რაღაც უვნებელ მუტაციას, რომელიც აუცილებლად გადაეცემა მამიდან ვაჟზე, ანუ რომელიღაც კონკრეტული მუტაცია, წარმოადგენს საფუძველს ახალი შტოსას, რომელშიც ყველა მამრი ამ მუტაციური „დაღის“ მატარებელია და მუტაციის მემკვიდრეობითობა შტოში ვაჟის არყოლისას წყდება.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს, მეცნიერები ისე ძლიერ გაეშმაკდნენ, რომ ზოგჯერ, როდესაც სევდა შემოაწვებათ, ამ მუტაციის ასაკსაც იკვლევენ და აი თურმე რა ხდება. 40000 წლის წინ აფრიკაში ცხოვრობდა ვინმე, იყოს თუნდაც აბელი და როგორც ირკვევა, მსოფლიოში მცხოვრები მამაკაცების 80%–მდე ამ აბელის შთამომავალია. ეს კაცი, თავისთავად უუუუზარმაზარი შტოს სათავეა, მაგრამ…

… მაგრამ აბელის სრულად ჩრდილავს 60000–70000 წლის წინ მცხოვრები ყველა კაცის დიდი პაპა (თუნდაც ბაბუა), რომელიც ჩვენი, ყოველ შემთხვევაში, მამაკაცებისა (პიგმეების, ჰაჯაბების და კიდევ ორიოდე, ფიზიკურად განსხვავებული ტომის გარდა) ნამდვილად – საერთო წინაპარია. ჩვენ ყველანი, ერთი კაცის შთამომავლები ვართ!

და იცით რა მაგარი კაცის?!

კაცის, რომელიც ისეთი განსაკუთრებული თვისებებისა გახლდათ, რომ დედამიწაზე თავისი შთამომავალი გააბატონა და მთელი მსოფლიო, მიწიან–წყლიანად თავის მემკვიდრეობად აქცია.

იმავე ფილმში ვარაუდობდნენ, რომ მისი თანამედროვეობა, კაცობრიობის ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო და მას შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მოეგონებინა, რაიმე ისრისმაგვარი სიახლე და ერთ–ერთი პირველი პროგრესული ნაბიჯი გადაედგა ადამიანის არსებობის ისტორიაში. მაგრამ ჩვენც შეგვიძლია ჩვენი დაშვების გაკეთება და მგონია, რომ კაცს, რომელიც მთელი კაცობრიობის მამა გახდა, ალბათ გაღიმება, ხუმრობა ან მოფერება შეეძლო განსაკუთრებულად და შეიძლება პირველმა გამოხატა ეს გრძნობა მართლაც ადამიანურად, შეიძლება პირველმა თქვა სიტყვა – მიყვარხარ.

http://en.wikipedia.org/wiki/Y-chromosomal_Adam

შემდეგი გვერდი