მაისი 16, 2010

უჟმური დილის უცნაური ისტორია

Posted in გაბოზდა ერი! at 23:52 ავტორი Givillo

ეს ისტორია, ერთხელ თბილისის ფორუმზეც დავწერე, მაგრამ იმდენად მომწონს, გადავწყვიტე აქაც დავიტოვო სამახსოვროდ.

საკმაოდ უჟმურ ხასიათზე გავიღვიძე. რატომღაც ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო და რადგან წინათგრძნობა იშვიათად მღალატობსხოლმე სახლიდან იმ განწყობით გავედი, რომ ამ დღეს რაიმე პრობლემას უნდა შევბრძოლებოდი.

მეზობელ სადარბაოსთან შავი კატა დამხვდა, რომელმაც რატომღაც ფრუტუნით წრე დამიარა და მშვიდად გააგრძელა გზა.

ცრურწმენებს და უჟმურ ხასიათს აყოლილმა გადავწყვიტე ამ კატისთვის წიხლი ჩამეზილა და ამ მცდელობას ინსტიქტურად კარგი დედის გინებაც მოვაყოლე (რას ვერჩოდი დედალ კატას ზუსტად ვერ ვხვდები) და ამ აგრესიულ გამოხტომაში შევამჩნიე, რომ ვიღაცას მივესალმე. უმალ მოვთოკე ემოციები და ნათლად დავინახე ჩემი მეზობლის, ქალბატონი ლამარას გაოცებული სახე, რომელიც კატას გამოდევნებულ, გინებით პირამყრალებულ გივილოს გაფართოებული თვალებით უყურებდა.

საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უბედური დღე გამითენდა და ამ გრძნობით მივაღწიე მანქანამდე.

უხალისო დილების გასანეიტრალებლად ჩაწერილი, კაფე დელ მარის დისკს სანამ დავქექავდი რადიო ჩავრთე, ჩართვა კი იმ მომენტს დაემთხვა როდესაც რომელიღაც არხზე მიწვეული სტუმარი ანეგდოტის მოყოლას იწყებდა. შევეცდები მაქსიმალურად ზუსტად გადმოქცეთ მოსმენილი, რომელიც ჩემის აზრით სტანდარტულ ანეგდოტზე ოდნავ მეტია და პატარა ისტორიას უფრო წარმოადგენს.

***

მგლების ხროვას, საკმაოდ შიმშილიანი წელი დაუდგა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და ლეკვების დასაპურებლად რაღაც უნდა მოეფიქრებინათ. ხროვას ჭარმაგი, გამოცდილი და თავისი გამჭრიახობით განთქმული მგელი ხელმძღვანელობდა. მისი გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში განსჯას არ ექვემდებარებოდა და იმსახურებდა კიდეც ასეთ განსაკუთრებულ პატივისცემას და ხროვაზე უდაო ჰეგემონობას.

–ძმებო, დღეს პარასკევია – უთხრა დამშეულ ხროვას წინამძღოლმა – სოფლის კაცები დღეს სანადიროდ მიდიან და კვირას დაბრუნდებიან. მართალია, რისკი მაინც საკმაოდ დიდია, მაგრამ სხვა დღეებზე მეტი შანსი გვაქვს სოფლის ძროხებს დავესხათ და კაცების თოფებსაც გადავურჩეთ. სოფლამდე ნახევარი ღამის გზაა და შებინდებისთანავე უნდა გავიდეთ, რომ შუაღამეს მივაღწიოთ ბოსლებამდე. ვისაც გული ერჩის და ხროვის კეთილდღეობისთვის ზრუნავს გვერდში ამომიდგეს – მე გაგიძღვებით.

ყველა ხვადმა ფიქრის გარეშე გადმოდგა ნაბიჯი და ბრძენი წინამძღოლის გადაწყვეტილების გენიალობით კმაყოფილი ამოუდგა გვერდში.

შებინდებისას გავიდნენ. ბევრი იარეს. სერები, გორაკები, ტყლაპოები, ჯაგები ვაჟკაცურად გადალახეს და მამლის ყივილამდე ჩააღწიეს სოფელს.

პირველივე ბოსელთან ძაღლი დახვდათ. ძაღლია და ძაღლსაც გააჩნია. გაქუცული ძუკნა. ალაგ–ალაგ ბეწვამოპუტული, ქეციანი და დაგრძელებულ ძუძუებგამოყრილი წამოწოლილიყო ეზოს შესასვლელთან.

–ვაიმე, ეს აქ არის?! დროზე გავიქცეთ სახლისკენ! – განწირული ხმით იყვირა ხროვის ატამანმა და გაუჩერებლად გაბრუნდა იქით საიდანაც მოვიდა და სადაც საკუთარი ბუნაგი ეგულებოდა.

სიმამაცით განთქმული ბელადის ასეთმა საქციელმა ყველაზე მამაცი ახალგაზრდა მგლებიც დააფეთა და უსიტყვოდ გააყოლა წინამძღოლს შიშით კუდამოძუებული.

ნაშუადღევს თავიანთ სამყოფელს მიაღწიეს. ხელმოცარულ–გათანგულ–გასავათებულნი მიეყარნენ ჩრდილში. ცოტა ამოისუნთქეს და ბოლოს, ერთმა, ყველაზე მამაცმა ახალგაზრდა მგელმა შეჰბედა ბელადს შეკითხვა.

– რატომ გამოვიქეცით, რა შეუძლია იმ ძაღლს? ნუთუ ისეთი ხმამაღალი ყეფა იცის, რომ ტყეში გასული კაცები გაიგებდნენ, მობრუნდებოდნენ და ყველას დაგვხოცავდნენ?

– არა, რას ამბობ, მაგის ყეფა კაცს არ გაუგია.

– აბა რა იცის, ნუთუ შხამიანი კბილები აქვს და ელვისებური კბენით, რომელიმეს სიცოცხლეს გამოგვასალმებდა?

– არა, რის შხამიანი?!  კბილები საერძთოდ არ აქვს, დაბერდა და ყველა დაცვივდა რამდენიმე წელია.

– აბა რა შეუძლია ისეთი, რომ შენც კი, მთელს ტყეში სიმამაცით განთქმული, ასე დაგაფრთხო? რა იცის ასეთი ვერაგული და საშინელი?

– რა იცის?!  – შიშნარევი ხმით შეჰყვირა ბელადმა, ცოტახნით სივრცეს მიაშტერდა და თითქმის ჩურჩულით განაგრძო – უკნიდან იცის მოპარვა და კოცნა. ისეთი ცივი ტუჩები აქვს…  რომ მახსენდება, დღემდე მზარავს.

***

ამას რომ მოვუსმინე ხასიათი გამომიკეთდა და მიუხედავად დილიდან გამოყოლილი უჟმურისა თუ შავი კატის მიერ ჩემს გარშემო დარტყმული წრისა, დღემ მშვიდობიანად და საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. არც მგლები მოსულან ჩემი საქონლის მოსატაცებლად და არც ცივი ტუჩებით უკოცნია ვინმეს.

1 კომენტარი »

  1. ისეთი ისტერიკული სიცილი ამიტყდა ძლივს გავჩერდი :D:D:D:D:D:D
    😆


დატოვე კომენტარი