ოქტომბერი 17, 2010

ედემის ლეღვი

Posted in Uncategorized at 16:43 ავტორი Givillo

რაკი, თუ არა პირველ პირში, სხვა ხერხით თხრობა ძლიერ არ მიყვარს, ამ ამბავსაც ჩვეული ფორმით მოგიყვებით. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, მე არ დამაბრალოთ, თუნდაც მარტო იმიტომ რომ არც სოფელი მაქვს, არც ლეღვის ხე და არც თავის დროზე ედემის ბაღში დახლართული ინტრიგებისა გამეგება რამე.
მაგრამ, როდესაც 15 წლის ხარ, ისედაც ყოველი დილა ედემის ბაღში გითენდება, უბრალოდ იმ დროს ვერ ხვდები და მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრებ, როდესაც ბაღიდან კარგა ხნის გამოგდებული ხარ.

მომიტევეთ ეს მცირედი გადახვევა, მაგრამ სწორედ ამ ასაკში გახლდით, როდესაც ეს ამბავი მოხდა…
***
ჩვენი ლეღვი, სოფელში ყველაზე ადრე მწიფდებოდა. ძალიან გემრიელ ნაყოფს უხვად ისხამდა და ჩვენც სიამოვნებით ვუმასპინძლდებოთით ყველას, ვისაც მისით ყელის ჩატკბარუნების სურვილს შევამჩნევდით თვალებში.
იმ წელს, მეზობელს სტუმრად ნათესავი გოგო, თინიკო ჩამოუვიდა. მაშინ 23 წლისა ჩემზე ბევრად უფროსი იყო და თითქმის “დამა ქალად” მეჩვენებოდა – მომხიბლავ, კეკლუც და ზესექსუალურ დამა ქალად. თუნდაც ერთი წუთით მისი დანახვის შემდეგ სასწრაფოდ გავრბოდი ძველ თავლაში, რომელსაც მხოლოდ სიგარეტის მოწევისა და ზემოთაღწერილიდან გამომდინარე ადვილადმისახვედრი ქმედებისას, უცხო თვალისგან დამალვის ფუნქციაღა შერჩენოდა. მოკლედ რომ ვთქვა, დღე და ღამე მარტო ლეღვზე ამძვრალი თინიკოს ფითქინა ფეხები მელანდებოდა ქვემოდანდანნანახი. არა და ყოველი დილა სწორედ ამ ხედით მეწყებოდა, ახალგაღვიძებულს ხეზე აუცილებლად მხვდებოდახოლმე ლეღვის ჭამით გართული, ჩემი თავლის მუზა.

ამდენის ატანა შეუძლებელად რომ ჩავთვალე, ყველაზე ხელმისაწვდომ ვარიანტად შემდეგი შევარჩიე: მეურნეობაში საქონლის ასატეხი წამალი მეგულებოდა, ზუსტად ვიცოდი როგორ შევძლებდი მის მოპარვას და ერთ დღესაც გადავწყვიტე ამ წამლის ეფექტი თინიკოზე გამომეცადა, ცდა ხომ ბედის მონახევრეა.
მიწოდების ყველაზე მარტივ საშუალებად ჩემი გემრიელი ლეღვის ნაყოფი მივიჩნიე. საღამოს ავედი ხეზე და ყველაზე ადვილადმისაწვდომ და მოსახერხებელ ლეღვებს გარედანაც წავუსვი და გულშიც შევჩურთე ასანთის ღერით “მცირე დოზები”.
იმ ღამეს მამლის ყივილამდე არ დამძინებია. ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დილა თენდებოდა.
****
დილით გაღვიძებისთანავე წამოვხტი, ეზოში სუნთქვაშეკრული გამოვვარდი და ლეღვის სწორედ იმ “დანაღმულ” მონაკვეთზე ამძვრალი და ნაყოფით კარგა დანაყრებული დედაჩემი დავინახე…
–მანდ რას შვები დედი?
–ცომი დავაგუნდავე, შვილო, თონეში ცეცხლი დავანთე და სანამ განელდება ველოდები.
ცეცხლის დანთება ჩემს გულში და ტვინში უნდა გენახათ…
სასწრაფოდ დავიწყე მდგომარეობის გაანალიზება:

–მამა ყანაშია, ყანა სამ კილომეტრში, თუ ძაან მოვინდომებ ნახევარ საათში მოვიყვან და თუ ვინმე მოტოციკლით ან მანქანით შემხვდა ხო ავშენდი და ეგაა. უნდა გავიქცე!
არ მახსოვს ზუსტად რამდენ ხანში ავირბინე ყანამდე, მაგრამ ასე სულმოუთქმელს არც მანამდე და არც მას მერე არ მირბენია სამი კილომეტრი.
ბედმა ჩემთვისაც ირონიულად გაიღიმა და გავიგე, რომ მამა მეზობელს გაჰყოლოდა მისაშველებლად. იქამდეც ვირბინე…
–მამი, დედა ხიდან გადმოვარდა და მგონი ტვინის შერყევა აქვს, გული მერევაო და ლოგინში წევს, წამო ჩქარა რამე არ დაემართოს.
სიმპტომები საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი და გზადაგზა რაღაცეებიც მივკიბ–მოვკიბე, ისე რომ მოვლენების შემდგომ განვითარებაზე არც მიფიქრია და არც მაინტერესებდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ამათი “დაჯახება” იყო.
***
როგორცკი ჭიშკარში შევედით სახლის კარიც გაიღო საიდანაც ჩვენი ინკასატორი, ბორისი გამოაცილა დედამ. ჭიშკრიდან სახლამდე ოცი მეტრი თუ იქნება, ვიწრო ბეტონის ბილიკი მიუყვება ამ გზას. სანამ ერთმანეთს გავუსწორდებოდით, ბორისმა თავზე ერთ–ორჯერ ხელი გადაისვა, თითქოს თმის დავარცხნას ცდილობსო და ახლოს მოსულმა, ისე, რომ რიგიანად არც შემოუხედავს თვალებში, მამას უთხრა – ამ თვისაც გადახდილია და წინა რომ გქონდათ ვალი ისიცაო.

თინიკოსთან თელაველ დეიდას გამოუვლია და თავისთან წაუყვანია ზაფხულის ბოლომდე.

თითქმის გაციებული თონის გვერდით, მოსაზელ მაგიდაზე კი ისევ ისე ეწყო მოზელილი გუნდები, როგორც ყანაში გაქცევამდე დავტოვე.

10 Comments »

  1. keti said,

    ძალიან მხიარული ისტორიებია – ესაც და სხვებიც, რისი წაკითხვაც ჯერჯერობით შევძელი : ))

  2. Kate said,

    ვაიმე 😀 😀 😀

    მაგარი იყო.

  3. margusha said,

    vaimeee skamidan gadavvardi)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  4. ბაჩო said,

    ცუდად ვარ, ეს რა იყო 🙂

  5. keti said,

    ეს ისტორია – გადაკეთებული და როგორც ნამდვილი ამბავი, ვ. ჯავახიშვილის შოუში მოყვნენ 😦

  6. keti said,

    გუშინ 🙂

  7. haah
    kargi iyo, vixalise :)))

  8. ანი said,

    სადღაც წამიკითხავს/მომისმენია ეს ისტორია 😀

  9. hahaaaaa:)))))))))))))


დატოვე კომენტარი