ოქტომბერი 21, 2009

გაბოზდა ერი

Posted in გაბოზდა ერი! tagged , , , , , , , , at 01:10 ავტორი Givillo

დღეს ბებიას შევუარე.
ნესტოროვნამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი, დასავლეთ საქართველოს ერთ–ერთ პატარა ქალაქში ფუსფუსსა და გარჯაში გაატარა, ახლა კი მისი დღე “სიყვარულის აჩრდილის” მორიგ სერიასთან ერთად იწყება და “განრისხებული ანგელოზის” ტიტრებით მთავრდება.
ბედნიერი დღე ჰქონდა თამარას, მასზე შედარებით უმცროსი, მაგრამ უახლოესი მეგობარი და მეზობელი, ნაზიკო ეწვია სტუმრად. ეწვია რა?! ეწვიას ვიტყვით, თორემ მოუყვანეს. თბილისში ჰყოლიათ – გამოკვლევებზე. უხაროდა მოხუცს – ექიმს უთქვამს კაჟივით ხარო. (არ ვიცი რა იგულისხმა ექიმმა,  მე კი ბავშვობა გამახსენდა, თუ როგორ ვეძებდით კაჟის ქვებს, რომლებიც ძირითადად მიწაში იყო ჩაფლული).
საფერფლის დასაძებნად გასვლამ  მომიწია ოთახში , რომელშიც “გოგოები” საუბრობდნენ.
– გოგო – ეკითხება ბებია – კიდე ბოზობს სულიკოს გოგო თუ დაწყნარდა?
– უჰ, რას ამბობ, მაგი ჯერ არ დაწყნარდება კაიხანს.
ამ ერთ კითხვა პასუხს მოვკარი ყური და ღიმილით დავუბრუნდი ჩემს სამყოფელს.

დაახლოებით ნახევარ საათში ისევ მოვხვდი “გოგოების” სიახლოვეს და მესმის:

– ჰო და ამ ბიჭს ცოლისთვის მიუსწრია თავის მეგობართან, ა, ძმაკაცს რო უძახიან იმფერთან–  ამჯერად ნაზიკო აქტიურობს, თან გადაწეულია ბებიასკენ, თითქოს ყურში უჩურჩულებსო.
– რას ამბობ, მაგას ლენტოს შვილიშვილი არ ყავდა?
– კი მასეა!  სასტაული გახდა მაგ გოგო, ვერ ამაგრებენთქო, ხომ გეუბნები.
თითქოს გავბრაზდი, უფრო სწორედ, საჭიროდ ჩავთვალე მოხუცები დამეშოშმინებინა და ნესტოროვნას აშკარად “ძალით გაბრაზებული” სახით ვუთხარი:
– რა არის თამარა, ამ ბოზებზე საუბრის გარდა სხვა არ გაინტერესებთ არაფერი?
– რა ვიცი, დედა, მე ხალხს ვკითხულობ და ესენი გაბოზებულან ყველა!

კარგახანს გულიანად ვიცინოდი და ძალიან მინდოდა, ამ ყველაფრის  “აჟურში”  მოსაყვანად ნაზიკოს ეთქვა – ” აგენი კი არა, ერი გაბოზდა, ჩემო თამარა, ერიო “

სექტემბერი 12, 2009

თერჯოლავ, იბიცა!

Posted in თერჯოლავ, იბიცა! tagged , , , at 00:02 ავტორი Givillo

დღეს  პრეზიდენტმა თერჯოლაში სპორტის სასახლე გახსნა. უმნიშვნელო ნიუანსებით თავს არ შეგაწყენთ და როდესაც თერჯოლის თვალსაჩინო წინსვლის აღწერისას, ერთი ასეთი მეტაფორა მოიშველია – თერჯოლას იბიცად ვაქცევთ მალეო – დამსწრეთა უსიამო რუზრუზი, თერჯოლელთა კონსერვატიულ ნაწილს დავწამე, მაგრამ უმალ მოვეგე გონს, რაწამს ერთი მამაკაცი  გამოეყო  ძირითად ჯგუფს და ხმისგამაძლიერებლით შეიარაღებული, თავისსავე თანამოაზრეთა ცოცხალ რკალში მოექცა.

აი მისი მოწოდებაც.  რომელსაც,  წესისამებრ, მაქსიამალური მიახლოებით გადმოგცემთ.

– ძვირფასო თერჯოლელებო და მის  მიმდებარედ მდებარე  სოფლების ბინადარნო, ხომ ხედავთ, უკვე დაუფარავად გვემუქრება იბიცათი.

– მაგის კეთილების იბიცა იყოს! – იხუვლა შეგულიანებულ მოქალაქეთა ჯგუფმა.

– აი ეს…  (თითს იშვერს  სინატრას My way-ს ფონზე წესისამებრ სრულებით თვითკმაყოფილი სახით მომღიმარე პრეზიდენტისკენ) დიახ, ეს არის შემსრულებელი, საქართველოს  წინააღმდეგ დაწერილი იმ სცენარისა, რომლითაც მასონები გეგმავენ ღვთისმშობლის წილხვედრი ერის განადგურებას. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორი იბიცა გაგვიკეთეს შარშან ქართლში და ახლა დაუფარავად გვიცხადებენ, რომ მალე ჩვენი, თერჯოლლების და მის მიმდებარე სოფლელების ჯერიც დადგება.

ჩაწვდა რა, ალტერნატიულად მომიტინგეთა შეცდომას, თერჯოლის მერმა მსწრაფლ მიაშურა ცალკემდგომ ჯგუფს და როგორც იტყვიან, მათ სწორ გზაზე დაყენებას შეეცადა:

–მოიცათ ხალხო, მაგ ის არაა რაც თქვენ გგონიათ, ეგ რო ეგულისხმა “იბაცა”–ს იტყოდაო – რამდენიმე საზრიანი   სწრაფად მოეგო გონს, თვალები ოდნავ მოჭუტა და მშობლიური ქალაქის მერს უფრო გულმოდგინედ დააკვირდა.  ამ უკანასკნელმა კი განაგრძო – ხომ იცით რომ დღეს, სანამ ქუთაისის ავტოქარხანა სრული სიმძლავრით არ ამოქმედდება და სანამ ჩვენს მწვანილს ევროპის გზა ბოლომდე ვერ გაუკვალავს,  უმნიშვნელოვანეს საქმედ თერჯოლაში მრავალშვილიანობა ითვლება. იმ ასობით ათას მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ხომ სჭირია მუშახელი?! რაღა თქმა უნდა სჭირია! ჰო და ბიძიკო, ეს მუშახელი და ეს მრავალშვილიანობა საიდან მოვა იბიცას გარეშე? – ამ სიტყვებზე მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით მოავლო თვალი შეკრებილთ და როდესაც მაგულის მზერა დაიჭირა, მის დასანახად წარბის შეთამაშებაც კი მოასწრო და განაგრძო – ასე, რომ ძვირფასებო, არაფერი საწყენი თქვენთვის არ უკადრებიათ, მშვიდად წაბრძანდით სახლებში და იბიცაც არ დაივიწყოთ!

ხალხის ნაწილმა ტაშიც კი დაუკრა, ძირითადად ქალები აქტიურობდნენ, დამორცხვილმა მაგულიმაც  რამდენჯერმე, სულ ნელა შეახო ხელები ერთმანეთს, ისე რომ მზერა ფეხსაცმლის წვერებიდან არც აუწევია.

ხალხი ნელ–ნელა გაუყვა თავიანთი ამოჩემებული ბირჟებისაკენ მიმავალ გზას.

My Way საამოდ ეფინებოდა ჩამავალი მზის სხივებს მიფიცხებულ, სამუდამო გარუჯვისმომლოდინე შემოდგომის ფოთლებს და მხოლოდ მთელი ამ ხნის მანძილზე გაუჩერებლად ყეფისგან დაღლილმა ბათურამ მოჰკრა ყური, როგორ ჩაილაპარაკა, ჯოხს დაყრდნობილმა ბაბუა რაჟდენმა – კი მარა კაცო, ასე საქვეყნოდ  არ გვასწავლიდენ მარა ვერ ვაწკაპუნებდით  კოხტა გოგო–ბიჭებს, თუ ვერ მევესწარი შვილთაშვილებს?! ვერ გევიგე ბიძიკო, რომელია წინწკილაზე ასაყვანი აგენი თუ იგენიო.